პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბოკერია: თუ პროპორციული ჩავარდა, არავინ დაიჯერებს, რომ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილება არაა

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგობას გამოეხმაურა. 

ბოკერია ამბობს, რომ ახლა ისეთი ვითარება არ არის შექმნილი, როდესაც ქართული ოცნების ერთ, ორ ან თუნდაც ათ ხმაზეც კი იყოს დამოკიდებული კანონპროექტის მიღება-არმიღების საკითხი. 

"თუ აღმოჩნდება, რომ უმრავლესობის 20-30-40 არ დაუჭერს მხარს კანონპროექტს, არავინ მიიღებს იმ ვერსიას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არაა," - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე იქნება, რომ მათ ის დაპირება შეასრულონ, რომელიც მათ არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის, არამედ საზოგადოების წინაშე დადეს. 

"თუ ამას არ იზამენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის ეს იქნება კატასტროფა,"- თქვა ბოკერიამ. 

მისი შეფასებით, ქართული ოცნება ვერავის მოატყუებს იმით, რომ ვიღაც "გადაუხტათ" და ამის გამო ვერ გაიტანეს კანონპროექტი. 

"არც შევდივარ იმ დისკუსიაში ეს ე.წ "ამბოხებულები" რამდენად დადგმული, თუ გულწრფელი ამბავია, თუ თავისი ადგილისთვის იბრძვიან და დიდი პატრონის მიერ თავს მიტოვებულად გრძნობენ,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მთავარი ისაა, რომ რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის ხმა არაფერს წყვეტს. კითხვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება კენჭისყრაზე, ბოკერია პასუხობს, რომ იმედი აქვს, რომ არ ჩააგდებენ. 

"ახლა ქვეყანას სჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის განმარტებით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაპირებას არ შეასრულებს, ის ძალიან სახიფათო ვითარებას მიიღებს, რაშიც მისი თქმით, დიდი საპროტესტო აქცია არ იგულისხმება. 

"ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული სერიოზული პოლიტიკური არასტაბილურობისთვის, რომელსაც ისინი ვერ გადაურჩებიან ვერცერთ შემთხვევაში და ამ ტიპის ადამიანების, როგორიც ივანიშვილი და მისი გარემოცვაა, ყველაზე ცუდი სცენარი სწორედ ესაა. ამიტომ დათმო ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე,"- ამბობს დეპუტატი. 

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ნების გამოხატვა იშვიათი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ბევრი დანაშაულებრივი შეცდომის დაშვების შემდეგ მიიღო. 

"ჩვენი, ევროპული საქართველოს მოწოდება მათ მიმართ იქნება, რომ კიდევ ერთ შეცდომას ნუ დაამატებენ,"- ამბობს ბოკერია. 

მისივე განმარტებით, მისი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი კანონპროექტს ხმას დაუჭერს, რომელიც თუმცა ნაკლოვანია, მაგრამ ქვეყნისსთვის ფუნდამენტურად საჭირო პროექტია. 

10 ნოემბერს პარლამენტში ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო, რადგან უმრავლესობის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი კანონპროექტის ავტორადაა მითითებული. 

იმისათვის, რომ კანონპროექტი ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მას პარლამენტის დეპუტატთა საერთო რაოდენობის 3/4 ანუ 113 ხმა სჭირდება სამივე მოსმენისას. 

კომენტარები