პროპორციული საარჩევნო სისტემა

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს განიხილავს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემის ნაცვლად სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 

პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტს უნდა უყაროს კენჭი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და ბარიერის გარეშე ჩატარდება. მმართველი გუნდის კანონპროექტი ბლოკების აკრძალვასაც ითვალისწინებს. 

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ამავე მოწვევის პარლამენტმა შეძლოს, მას სამივე მოსმენით პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ შეძლებს 3/4-ის მიღებას პირველი და მეორე მოსმენის დროს, მაშინ ამ კანონპროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტი ერთი (მესამე) მოსმენით მიიღებს (იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის 2/3 ანუ 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს). 

იმ დაშვებით, რომ ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯამში 27 დეპუტატი, ასევე პატრიოტთა ალიანსის 5 და დამოუკიდებელი დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, მის მისაღებად ქართული ოცნების, მინიმუმ, 73 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. 

ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები კანონპროექტს მხარს სრულად უჭერენ, ხოლო მმართველი გუნდის წევრები კი - ნაწილობრივ. 

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებისკენ მიმართული კანონპროექტი მეორე მოსმენისას ვერ შეძლებს 113 ხმის მიღებას, მაშინ ერთი თვის ვადაში ის მეორედ წარედგინება პარლამენტს. ხოლო, კანონპროექტი, რომელიც პირველივე მოსმენისას ჩავარდება, უარყოფილია საბოლოოდ და მას განმეორებით კენჭს ვეღარ უყრიან. 

თავდაპირველად ქართული ოცნების კანონპროექტთან ერთად, ცვლილებათა კიდევ ერთი პაკეტი იყო წარდგენილი, რომელიც 200 000 მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ევროპულმა საქართველომ დაარეგისტრირა. კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად 3%-იან ბარიერსა და ბლოკების სტატუსის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, თუმცა ის პირველი მოსმენით ჩააგდო - კვორუმი არ შედგა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო. 

ასევე წაიკითხეთ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით - უპირატესობები, რისკები და პრევენციის გზები

კომენტარები