ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის PR

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით 11 ნოემბერს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გახარიამ საბჭოს ახალი მდივანი ლევან იზორია წარადგინა. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ძალოვანი უწყებების მინისტრები სრული შემადგენლობით დაესწრნენ, განხილვის მთავარი თემა რუსული ოკუპაცია და კიბერუსაფრთხოება იყო. 

"ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია, ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველდღე და ამ გამოწვევებს ჩვენი თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორივე მხარეს ცხოვრობს, მათთვის ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული,"- თქვა გახარიამ სხდომაზე. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას, თქმით, სხდომაზე ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. 

"განსაკუთრებით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი,"- თქვა იზორიამ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალი მდივნის თქმით, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. 

"პრემიერის ხელმძღვანელობით გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით უზრუნველვყოთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება,"- თქვა ლევან იზორიამ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები