პროპორციული საარჩევნო სისტემა

უმრავლესობა ძიძგურთან ერთად ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს

0 კომენტარი

უმრავლესობის და ფრაქცია კონსერვატორების წევრებმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ ზვიად ძიძიგურთან ერთად უმრავლესობა დატოვეს.

მიზეზად პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა დაასახელეს.

ნინო გოგუაძემ თქვა, რომ მას, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოადგილეს, გაუჭირდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩავარდა პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო კანონის პროექტი.

"როგორც უმრავლესობის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე, ვტოვებ ამ პოზიციას. დღესაც მჯერა, რომ პროპორციული სისტემა, რომელზეც უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გადასულიყო და ინიცირება გავაკეთეთ ამ პროექტის და დავარწმუნეთ საზოგადოება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებაზე გადასვლა, უარი არ უნდა ეთქვა. ეს ჩემთვის არ არის ახსნადი. მე თვითონ მქონდა ძალიან ბევრი საუბარი ჩვენს მოსახლეობასთან, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება, ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რატომ ვერ მივიღეთ [პროპორციული]. მხოლოდ ამის გამო ვტოვებ უმრავლესობას, სხვა მიზეზი ამისთვის არ მქონია", - თქვა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძემდე უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გაკეთა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც ასევე დატოვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი. 

მან თქვა, რომ კონსერვატორებს არასდროს უღალატიათ გუნდური თამაშის პრინციპისთვის და ამის გამო ხშირად დაზარალებულან კიდეც, მაგრამ "არ აპირებს, დარჩეს იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თალსაზრისით არის გაუმართლებელი". 

ფრაქცია კონსერვატორების წევრებამდე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საპარლამენტო უმრავლესობა თავდაპირველად 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები