პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბოკერია: უტიფარი სიცრუეა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ უტიფარი სიცრუეა, რომ არჩევნების გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

განცხადება, რომ არჩევნების ამ წესით ჩატარება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, დღეს გია ვოლსკიმ გააკეთა.

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გვითხრან რაში ეწინააღმდეგება. ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, მორგებულია ჩვენს კონსტიტუციას. გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, ჩვენთან არის - თუ ამ დეტალს გულისხმობენ, მაგრამ ამასაც არ ამბობენ. ვთხოვ ყველას, ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ, დამოუკიდებელ და მძლავრ პოლიტიკოსებს, ივანიშვილს რომ აუჯანყდნენ მათ შორის იმათ, ჰკითხონ, კერძოდ რას გულისხმობენ", - თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, სინამდვილეში ოპოზიციის შეთავაზება ზუსტად ერგება საქართველოს კონსტიტუციას.

"არაფერი ანტიკონსტიტუციური არ არის, ზუსტად ჯდება ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ორ რამეს ამ საკითხში: 77 მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ეს არის ის რეგულაცია, რომლის ჩარჩოებშიც უნდა ვიყოთ.

ჩვენ ვადგენთ წესს, როგორ მოხდება მაჟორიტარულად და პროპორციულად ამ ხალხის არჩევა. შედეგი არის პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარებიც გვყავს და პროპორციულად არჩეული ხალხიც. ეს არის მარტივი და სწრაფი გამოსავალი. ყველას გვესმის, რომ ამ უტიფარი გადაგდების მიზეზი, თავისი დაპირების შემდეგ ივანიშვილმა რაც ჩაიდინა სპექტაკლის მეშვეობით, იყო ის, რომ არჩევნებს აგებენ. ახლა კონსტიტუციას მოიმიზეზებენ, თუ რამეს სხვას თუ იმას რომ ავად არიან და არ ჰყავთ დეპუტატები და 25 კაციც აღარ არსებობს, ვინც მხარს დაუჭერს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გარდაუვალია მისი პოლიტიკური მმართველობის დასრულება ოღონდ, ახლა თვითონ აირჩიოს, რა ფორმით მოხდება ეს", - თქვა გიგა ბოკერიამ.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები