საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქომ წესის აგებაზე მიტროპოლიტ საბას კრიტიკის გამო თეოდორე გიგნაძეს შენიშვნა მისცა

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მხრიდან ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას კრიტიკას იმის გამო, რომ უკანასკნელმა "ბიბლიური თავისუფლების" დაღუპული წევრისთვის, 24 წლის ბიჭისთვის წესის აგება აკრძალა, "სასულიერო პირების მიერ არასწორ ქმედებად მიიჩნევს.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და გაგნიძეს მოუწოდა, თავი შეიკავოს თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისგან.

"ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) პოზიციის მიმართ კრიტიკას და არაკორექტულ გამონათქვამებს; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირით", - აღნიშნავს საპატრიარქო.

"ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა- თბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედ კომისიას" - წერია განცხადებაში.

პარტიაა გირჩმა​​ 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც გირჩს სასულიერო პირებმა უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ინფორმაციის გავრცელების განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "თუ ადამიანი ეკლესიას არ ეკუთვნის, მას ვერანაირ მსახურებას ვერ შეუსრულებენ​".

კომენტარები