პარლამენტის პიკეტირება

ლომჯარია: პიკეტირებაზე პასუხისმგებელი ის არის, ვინც პროპორციულს მხარი არ დაუჭირა

ტაბულა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტის პიკეტირებაზე პასუხისმგებლობას იმ დეპუტატებს აკისრებს, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. 

ლომჯარიას თქმით, რა თქმა უნდა, პიკეტირება კანონდარღვევაა, თუმცა, "როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში". 

ლომჯარიამ ფეისბუქზე დაწერა: 

მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ", - ამბობს სახალხო დამცველი. 

17 ნოემბერს, პარლამენტთან სამართლიანი არჩევნებისთვის მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარალელურად კი შენობის პიკეტირება დაიწყო, რათა დეპუტატებმა, პირობის შეუსრულებლობისა და მოსახლეობის მოტყუების გამო, მოვალეობის შესრულება ვერ შეძლონ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ამით ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომელიც მან 20-21 ივნისის - გავრილოვის ღამის და მოქალაქეების დარბევის შემდეგ დადო, ფასთომასშტაბიანი პროტესტის პასუხად.

შესაბამისად, განახლდა საპროტესტო აქციებიც.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

კომენტარები