ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარუდგინა

0 კომენტარი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი წარედგინათ.

უწყების განმარტებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა "გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე". პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ, პოლიციელებმა ბუტა რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩადეს.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშილს, უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მისი დავალებით გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა, გაყალბდა მტკიცებულებები და გამყარდა შსს-ს მაღალჩინოსნების ვერსია.

"2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს  „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას  პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მისცეს მანქანაში მყოფი 5 პირი და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოაცხადეს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ზურაბ ადეიშვილი ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მის ადვოკატს.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები