პროპორციული არჩევნები

ადმინისტრაციული შენობების პიკეტი, პროტესტი, 25 ნოემბრის აქცია - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ტაბულა

ოპოზიცია 25 ნოემბერს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების დაგეგმილ აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდება. განცხადება ოპოზიციურ ფორმატში შევის სახელით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გიორგი გუგავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება 18 ნოემბრის აქციის დაშლის გამო მიიღებს უმწვავეს აქციებს.

"ორშაბათს, 7 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება. ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, შეუვალი, კონსტიტუციური და კანონიერი, მათგან განსხვავებით.

ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, პიკეტირებები ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას.

სამშაბათს მათი ჭკუით უნდა გაიმართოს სესია, უნდა შეიკრიბონ ლემურები და ზებრები, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ, მოხდება მშვიდობიანი გზებით პიკეტირება და ეს ქმედებები დამთავრდება გამარჯვებით, ქართველი ხალხი უზნეობაზე გაიმარჯვებს" - ამბობს გუგავა. 

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს და გუშინ აქცია მაინც გაიმართა.

კომენტარები