18 ნოემბრის აქციის დაშლა

სახალხო დამცველი: მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად და სამართლიანად წარმართოს განხილვები

ტაბულა

სახალხო დამცველის აპარატი 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმიანება. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს.

"მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება"- წერია განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

"აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები"- წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები.

.......

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები