პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე: სად მიიღო ოპოზიციამ პროპორციულის დაპირება?

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ოპოზიციას არ მიუღია დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა.

ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც ჩააგდო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი.

ახლა ის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

ხუნდაძე ამბობს, რომ პარლამენტში ბევრი პროექტის ინიცირება ხდება, მაგრამ ყველაფერი კანონად ვერ იქცევა.

„ქართული ოცნება არ დაპირებია ოპოზიციას, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია ხშირად აპელირებს, თვითონ სამუშაო ჯგუფებშიც კი არ იღებდნენ მონაწილეობას, სად მიიღეს ეს დაპირება?

ინიციატივაზე ხელმოწერა კი არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ხელმოწერა ნიშნავს, რომ გაიხსნა დისკუსია, მოხდა ინიცირება. ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა პარლამენტში ინიცირებული, შემდეგ ავტორების მხრიდანაც რომ არ ყოფილა მხარდაჭერილი", - თქვა ხუნდაძემ.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კანონპროექტის ჩაგდებასთან არაფერ შუაშია და რომ პარტიის თავმჯდომარე პირიქით, ითხოვდა, დეპუტატებს მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის კანონისთვის.

"უნდა ითქვას, რომ უმრავლესობასთან შეხვედრებზე იყო ბატონი ბიძინას თხოვნაც და მოთხოვნაც. ლიდერის პოზიცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხმას იძლევა კონკრეტული დეპუტატი საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე და თუ საზოგადოება ბოლოს ჩათვლის, რომ ჩვენ მათ დაპირება არ შევუსრულეთ, არ შევუსრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე - ის რისკის ქვეშ არ დავაყენეთ, მეორეც თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი, თუ კი ასე ჩათვლის საჭიროდ ამომრჩეველი", - თქვა ხუნდაძემ.

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

ამით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება.

ივანიშვილმა, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა წევრებმა საჯაროდ არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სისტემის შეცვლის, პროპორციული სისტემის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ არც ერთ სხვა ხელისუფლებას მსგავსი დემოკრატიული გადაწყვეტილება არ მიუღია.

თუმცა, ახლა ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ დანაპირები შესრულდება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება, როგორც ეს 2017 წელს კონსტიტუციით გაიწერა.

სწორედ დიმიტრი ხუნდაძე იყო ის, ვინც კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად მის მიზანშეუწონლობაზე საუბარი დაიწყო. პარლამენტმა პროექტი სამდღიანი განხილვის შემდეგ ჩააგდო. მალევე ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი დაიწყო და ახლა შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს.

პარალელურად განახლდა საპროტესტო აქციებიც. აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიცია ქართულ ოცნებას დანაპირების შესრულებას სთხოვს და ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება, თუმცა, არჩევნების მეტად სამართლიანი წესით ჩატარებას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები