თალაკვაძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ ჯდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩარჩოში

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ ჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. 

"ამას მოჰყვა შეფასებები ყველა მხრიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერანაირად ვერ ჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში და ჩარჩოში, ეს გადის ამ ჩარჩოებიდან და არის კანონდარღვევა. რაზეც მომავალში სახელმწიფოს ექნება თავისი რეაგირება. რაც უფრო სწრაფად გავაცნობიერებთ პოლიტიკური სპექტრი, რომ საჭიროა ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, საჭიროა მომზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, მე ვფიქრობ, ეს იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვისაც და ეს შედი ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში," - ამბობს თალკვაძე. 

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ. დღეს დილიდან ბოქლომი დაადეს ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარის ოფისს თბილისსა და რეგიონებში, ასევე გუშინ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას. 

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა. 

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით. 

კომენტარები