ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

AMNESTY INT. რუსეთს გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და წამების რისკებზე საუბრობს

0 კომენტარი

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

საერთაშორისო ორგანიზაცია გაფრინდაშვილის მიმართ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ წამების რისკებზე საუბრობს. 

"9 ნოემბერს რუსმა მესაზღვრეებმა და დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებმა ქართველი ექიმი და საქართველოს დედაქალაქ თბილისში მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, როდესაც ის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადალახვით ცხინვალის რეგიონში გადასვლას ცდილობდა. 

დე-ფაქტო ხელისუფლებამ მას "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალი წარუდგინა, რომელიც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მას ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 

მოქალაქეებს, რომლებსაც ცხინვალის რეგიონში "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით აკავებენ ხოლმე, როგორც წესი, აჯარიმებენ და რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი იმ 4 პირს შორისაა, რომელიც ცხინვალის რეგიონმა "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით 9-დან 11 ნოემბრამდე შუალედში დააკავეს. 

სხვები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუშვეს. ვაჟა გაფრინდაშვილს კი უფრო სერიოზულ "ბრალს" უყენებენ, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მან მიზანმიმართულად "გადალახა საზღვარი". 

სამი დაკავებულიდან ერთერთმა, შოთა ბიძინაშვილმა, რომლემაც ცხინვალის იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად 9 დღე გაატარა, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ისინი "ცივ და ნესტიან ადგილას ჰყავდათ, სადაც ჰაერი არ იყო". შოთა ბიძინაშვილის თქმით, იზოლატორში მოთავსების დროს მას თავი დაუზიანდა, თუმცა მკურნალობასა და მედიკამენტზე უარი უთხრეს, ისევე, როგორც დაკავებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში მას საჭმელზე ეუბნებოდნენ უარს. 

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, თუ დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი აბსოლუტურად აკრძალულია. ამასთან, ასეთი დაკავებები თვითნებურია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას არღვევს. 

ასეთ შემთხვევაში რუსეთმა, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და მიყენებული ზიანის სანაცვლო კომპენსაციის გადახდა. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ იქნება წამებისა, თუ სხვა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი," - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია. 

Amnesty International რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას ე.წ გამშვები პუნქტის გახსნისკენაც მოუწოდებს

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები