ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

AMNESTY INT. ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და გაფრინდაშვილის დაკავებაზე ანგარიშს აქვეყნებს

0 კომენტარი

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს და რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გახსნან თვითნებურად ჩაკეტილი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი. 

ორგანიზაცია წერს, რომ ახალგორის მაცხოვრებლებს, რომელთა დიდ ნაწილსაც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტები არ აქვთ, რეგულარულად სჭირდებათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადალახვა, რათა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ რესურსებზე ჰქონდეთ წვდომა. 

"Amnesty International-ისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადასასვლელი პუქნტის ჩაკეტვამ უარყოფითი გავლენა იქონია განსაკუთრებით მოხუც ადამიანებზე, სკოლის მოსწავლეებზე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მათზე, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. მოხუცებს სექტემბრის შემდეგ არ ეძლევათ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადალახვის საშუალება, რათა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიების აღება შეძლონ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს. 

სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც საზაფხულო არდადეგების დროს თავიანთ ოჯახებს სტუმრობდნენ ახალგორში, უკან დაბრუნება და სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ადამიანებს, რომლებიც ადრე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ლახავდნენ, რათა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უფასო ჯანდაცვის უფრო მაღალი სტანდარტია, სამედიცინო დახმარება მიეღოთ, ეს შესაძლებლობა ჩამოერთვათ,"- წერს ორგანიზაცია. 

Amnesty International ასევე ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის, მარგო მარტიაშვილის, საქმეზეც წერს, რომელიც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად არ გადმოუშვა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამკაცრდა, თუმცა სექტემბრამდე ახალგორისა და რეგიონის დასავლეთით რამდენიმე მოშორებული სოფლის მაცხოვრებლებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადალახვა შეეძლოთ, სანამ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისის ქმედების საპასუხოდ მიიღეს მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს, სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგო ააშენა. 

"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გადაადგილების თავისუფლება შეიძლება მხოლოდ ცალკეული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შეიზღუდოს, სხვა ადამიანის უფლებებთან უნდა იყოს შესაბამისობაში და თანაზომიერ საპასუხო ზომას წარმოადგენდეს.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უნდა გახსნას ჩაკეტილი გამშვები პუნქტი და პატივი სცეს და დაიცვას ადგილობრივი მოქალაქეების უფლებები. რუსეთმა, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი თავისი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებითა და ადგილზე მყოფი საკუთარი ჯარით, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ასევე უნდა დაიცვას მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება, მათ შორის, იმის უზრუნველყოფით, რომ დაასრულოს თვითნებური შეზღუდვები ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის კვეთაზე.

ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, იმასთან ერთად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნების არსებობა საეჭვოა, სექტემბრიდან გადაადგილებაზე მიღებული სრული აკრძალვა არათანაზომიერი საპასუხო ზომაა. ამის შედეგია თვითნებური და არათანაზომიერი შეზღუდვა ყველა ადგილობრივი მოქალაქის გადაადგილების თავისუფლებისა, რასაც შედეგად სერიოზულ გავლენა აქვს მათი სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების მთელ სპექტრზე,"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Amnesty International-ის ანგარიშში ვრცელი თავია მიძღვნილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებასა და დაკავებაზე. ორგანიზაცია რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ გაფრინდაშვილი და მიყენებული ზიანის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადონ. 

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური, თუ დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი აბსოლუტურად აკრძალულია. ამასთან, ასეთი დაკავებები თვითნებურია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას არღვევს. 

ასეთ შემთხვევაში რუსეთმა, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა უზრუნველყოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და მიყენებული ზიანის სანაცვლო კომპენსაციის გადახდა. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ იქნება წამებისა, თუ სხვა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი," - წერია ანგარიშში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები