პროპორციული სისტემა

მდინარაძე ზოიძის ინიციატივაზე პლებისციტის შესახებ: გუნდში ვიმსჯელებთ და შემდეგ შევაჯერებთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აკაკი ზოიძის მოთხოვნას ეხმაურება, ჩაატაროს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტი. მდინარაძის თქმით, გუნდი ამ საკითხს განიხილავს და შეჯერდება.  

მდინარაძის თქმით, საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია გუნდის აზრი და საზოგადოების განწყობა.

"ჩვენ ამის შესახებ ვიმსჯელებთ მომდევნო დღეების განმავლობაში გუნდში და ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ ჩავატაროთ პლებიციტი, არ შემიძლია, გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა, ამას სჭირდება საზოგადოებრივი კონსესუსი",-უთხრა მდინარაძემ ტელეკომპანია პირველს.  

მდინარაძის თქმით, ზოიძის ამ წინადადების შესახებ მათ მანამდე ჰქონდათ საუბრები.   

"ზოგადად, დამოკიდებულება,„ხალხს ვკითხოთ“, არის კარგი და მისასალმებელი",-თქვა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მოსთხოვა

მისი თქმით, შედეგები მმართველმა გუნდმა უპირობოდ უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს. 

... 

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 და 19 ნოემბერს აქციები მაინც გაიმართა. ასევე, აქტივისტები აწყობენ სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულების პიკეტირებას. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავს 25 ნოემბერს. ისინი პარლამენტის პიკეტირებას ისევ აპირებენ, რათა სამშაბათს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები