საქართველო - საფრანგეთი

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

bpg.gov.ge

22 ნოემბერს ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდი "კომანდან ბირო" შემოვიდა, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდზე, ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი სწავლებები ჩატარდება. წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის ურთიერთ თავსებადობის დონის ამაღლება.

ხომალდს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა - "ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის... ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება". 

ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ "ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია".

"კომანდან ბირო" ბათუმს 25 ნოემბერს დატოვებს.

კომენტარები