პარლამენტის პიკეტირება

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, კარავი გაშალა

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, კარავი გაშალა

ოპოზიცია და დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას იწყებენ.

პარლამენტის სამივე შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

"ჩვენ ვიქნებით აქ. არც არის აუცილებელი, მთელი ღამით ყველა აქ იყოს. დილით ისევ მოვბრუნდებით, როცა ის კლოუნები მოსვლას დააპირებენ და მოუწევთ ისევ ასობით და ათასობით პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიცემა, რომ სხდომა ჩაატარონ ამ კლუნებმა. ასე სამარცხვინოდ უნდა გააგრძელონ მოღვაწეობა, სანამ ან გონს არ მოვლენ, ან ჩამოემხობათ თავზე მათი ხელისუფლება", - თქვა გიგა ბოკერიამ.

აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

კომენტარები