ე.წ გერმანული მოდელი

ერემაძე: ოპოზიციის შემუშავებული გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადია

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელის ქართული ვარიაცია კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისია. 

ტაბულასთან საუბარში ერემაძე ამბობს, რომ შესაძლოა, გერმანულს მოდელს ისეთი წესით, როგორითაც ის გერმანიაში არსებობს, კონსტიტუციასთან ფორმალური წინააღმდეგობა ჰქონდეს, თუმცა ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ეს წინააღმდეგობა არ არსებობს. 

"მისი მიღება შესაბამისი მექანიზმების გაწერით აბსოლუტურად შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე,"- ამბობს ერემაძე.

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მთავარი წინაღობა ხელისუფლების მხრიდან ნების არარსებობაა და არა სამართლებრივი ფორმალობები. 

"სურვილის შემთხვევაში, მათ შორის, მმართველ გუნდშიც წმინდად კვალიფიკაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური მდგენელი რომ გავთიშოთ, იმდენი ცოდნა აქვს იქ ადამიანებს, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი ქართული მოდიფიკაციით თავსებადია კონსტიტუციასთან და ამიტომ გადაულახავი დაბრკოლება ეს არ არის. სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივია გამოსავლის მოძებნა,"- ამბობს ერემაძე. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც. 

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები