ე.წ გერმანული მოდელი

ბოკერია დიალოგზე: ნაბიჯი მათ უნდა გადადგან, ჩვენი დახმარება თუ დასჭირდათ, მზად ვართ

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართება.

კობახიძისვე თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება. 

ტაბულასთან საუბარში გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს ის საკითხია, რაზეც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი. 

"ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენი დახმარება თუ სჭირდებათ, მზად ვართ ყველანაირად," - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, საზოგადოების რეაქციაა ის, რაც ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, აიძულებს, რომ ან გონს მოვიდეს და გადავიდეს ე.წ გერმანულ მოდელზე, ან საბოლოოდ დაექცევა თავზე საკუთარი ხელისუფლება. 

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველი გზაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ის შეურაცხყოფა წაიღოს უკან, რაც საზოგადოებას მიაყენა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება ის პროტესტი, რასაც ყველა ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში,"- ამბობს ბოკერია. 

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც. 

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები