ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია "ქართუს გაკოტრების" საქმეზე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

0 კომენტარი
ფოტო: reginfo.ge

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "ქართუს გაკოტრების" საქმეზე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. ბრალდებული დეპუტატი თბილისის საქალაქო სასამართლოში აქამდე არ მისულა. პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განაჩენი "ქართუს გაკოტრების" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. პროცესზე დასასწრებად მივიდნენ ევროპული საქართველოს წევრებიც.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბანკის გაკოტრების მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. 

პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, "აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები