აქცია მცხეთის მერიასთან

მცხეთის მერი აქციაზე: წინ ვიდექი, ცოცხების და კვერცხების სროლა არ მინახავს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ.პირველი

მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ "წინ იდგა" და კვერცხების და ცოცხების სროლა არ უნახავს. ჟურნალისტმა მას მერიის შენობაში წინასწარ დალაგებულ კვერცხებზე ჰკითხა, რაზეც კაპანაძე გაღიზიანდა და თქვა, რომ "შენობაში კუთხე-კუნჭულს არ ამოწმებს". 

"მე მერი ვარ, დამლაგებელი კი არ ვარ. სად კვერცხი დევს და სად ცოცხი დევს მე ვამოწმო? ვიღაცამ კვერცხი შემოიტანა ჩუმად და სადღაც დადო, მე უნდა მენახა ყველაფერი თუ.."- ამბობს კაპანაძე ტვ.პირველთან საუბარში. 

კაპანაძე ამბობს, რომ აქციაზე იმიტომ იდგა, რომ პროცესს მშვიდობიანად ჩაევლო, როგორც დღეს, ასევე გუშინაც, თუმცა, მისი თქმით, გუშინ ჩამოსული აქტივისტები "პროვოკაციისკენ იყვნენ მოწოდებულები". კაპანაძის თქმითვე, გუშინდელი და დღევანდელი კონტრაქცია მისი დაორგანიზებული არ არის. 

​"ასეთი ინფორმაციას ვინ გაწვდით, ან რა კითხვაა? მე როგორ უნდა დავაორგანიზო აქცია, გოგონი, თქვენ რატომ ხართ აქ? გამეცით პასუხი! თქვენ გგონიათ ეს ხალხი ბრმა არის და ტელევიზორს არ უყურებს?! შეიტყვეს და მოვიდნენ. არ მინახავს მეთქი ცოცხები. რა გინდა წყობილებიდან გამომიყვანო? არ გამოგივა"- უთხრა მცხეთის მერმა ჟურნალისტს.  

........

მცხეთაში, მერიის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების აქცია გაიმართა. ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს მერიასთან "ოცნების" აქტივისტები დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს, რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტებმა კორდონი გაარღვიეს და მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კორდონი ისევ გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს. ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ისროდნენ კვერცხებს და წყლის ბოთლებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ქართული ოცნების ერთი აქტივისტი დააკავეს, ორი კი განარიდეს

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები