თელასის დაჯარიმება

კალაძე: თელასმა რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი დააზიანა, ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო, კომპანია თელასი დაჯარიმდება. კალაძე ამბობს, რომ კომპანიამ ახალ კორპუსში ელექტროენერგიის შესაყვანად, მიწის ბურღვის სამუშაოები ნებართვის გარეშე აწარმოა და მილი ორ ადგილზე დააზიანა. თბილისის მერის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. 

"მე არ მესმის უბრალოდ, ეს დამოკიდებულება ქალაქის მიმართ, მუნიციპალიტეტის მიმართ, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იმისთვის, რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, გააკეთეს ბურღვითი სამუშაოები, ყოველგვარი ნებართვის გარეშე და დააზიანეს ახალი რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემა. არანაირი ნებართვა არანაირი შეტყობინება, ეს ნამდვილად მიუღებელია და ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ჯარიმა იქნება აუცილებლად გამოწერილი. ვინმე რამეში შევაფერხეთ, არ ვეთანამშრომლებით თუ რა?" - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამშრომლებს დაავალა, დაიბარონ კომპანია თელასის ხელმძღვანელობა და უთხრან, რომ "ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია."

კომენტარები