ტურიზმი საქართველოში

პუტინის სანქციების მიუხედავად წელს საქართველოს 4,7 მილიონი ტურისტი ეწვია - ზრდა 6,3%-ია

snow.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნოემბერში უშალოდ ტურისტული ნაკადის ზრდამ 10,3% შეადგინა. ასევე, გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურებისა და ვიზიტების რაოდენობაც. 

ნოემბერში საქართველოს 338,831 ტურისტი ეწვია, წინა წლის ნოემბერში იგივე მაჩვენებელი 307,272 იყო. ზრდა შეინიშნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან საუდის არაბეთიდან და ყაზახეთიდან. 

ნოემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 10,319-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან წელს შემოსული ტურისტების რაოდენობა მაინც 0,1%-ით არის გაზრდილი. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისს საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იკლებს. 

რუსეთიდან წამოსული დანაკლისი ტურისტულმა ინდუსტრიამ სხვა ქვეყნების ზრდის ხარჯზე დააბალანსა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ბაზარი, საიდანაც ოქტომბრის ჩათვლით ზრდა 25%-ია. 

სხვა, შედარებით მაღალი გადახდისუნარიანი ბაზრებიდან ზრდამ დააბალანსა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. სექტემბერში რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალს ევროკავშირის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა. ეს პირველად მოხდა.

კომენტარები