საპროტესტო აქციები

ენმ: თავს გვესხმიან ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ძალადობრივ ჯგუფებს შორის, რომლებიც გუშინ ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ, 50-მდე საჯარო პირი ამოიცნეს. 

"ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც გუშინ ნაციონალური მოძრაობის ოფისს დაესხნენ თავს, არიან ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პირები. ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებში შედიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საარჩევნო კომისიის წევრები და რამდენიმე თავმჯდომარე. ჩვენ ამოცნობილი გვყავს 50-მდე საჯარო მოხელე" - ამბობს დეკანოიძე. 

მისივე თქმით, პოლიციას არ მოუხდენია არანაირი რეაგირება ვანდალურ ფაქტზე. 

"პოლიცია არ აკეთებდა არაფერს. პრაქტიკულად, პოლიციამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ მოახდინა არანაირი სახის რეაგირება დანაშაულის შემცველ ფაქტზე, როცა შეტყობინებაც შესული იყო". 

გუშინ, 3 დეკემბერს, ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისის მინები ჩალეწეს. მმართველი გუნდის პარტაქტივის აქცია ოპოზიციური პარტიის ოფისთან ერთი საათის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

ენმ-ის წევრის ანი წითლიძის თქმით, მან პოლიცია ჯერ კიდევ თავდასხმამდე ერთი დღით გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციაზე ზუგდიდის საკრებულოს ერთერთი წევრიც იმყოფებოდა.

"საკრებულოს წევრი ვარ, მერე რა, ძალადობრივი რეჟიმის მობრუნება არ გვინდა და როლანდ ახალაიას დაბრუნება არ გვინდა, მთელი ქალაქია გამოსული" - ამბობს საკრებულოს დეპუტატი მთავარ არხთან.

კითხვაზე, რატომ მივიდნენ აქციაზე და არიან თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებულები, აქტივისტები შემდეგ პასუხს სცემენ - "აგერ ვსეირნობდი და მოვედი", "მთელი ქალაქი აქ ვართ", "ესენი უნდა ამოიძირკვონ".

კომენტარები