უკრაინა - რუსეთი

"ყველა ყველას სანაცვლოდ" - ზელენსკის რუსეთთან პატიმრების გაცვლა სურს

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ ნორმანდიის სამიტზე რუსეთთან ყველა დარჩენილი პატიმრის -"ყველა ყველას სანაცვლოდ" გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს.

9 დეკემბერს, ნორმანდიის სამიტზე უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

უკრაინის პრეზიდენტმა საუბრისას ისიც თქვა, რომ ნორმანდიის სამიტზე დონბასის რეგიონში არჩევნების დანიშვნის განხილვა სურდა, რომელიც უკრაინული კანონების შესაბამისად და უკრაინელი კანდიდატების მონაწილეობით ჩატარდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, თუმცა, ზელენსკის ოფისისა და კრემლის ინფორმაციით, დონბასის საკითხზე მათ არ უსაუბრიათ. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა და კიევმა თავდაპირველად 7 სექტემბერს გაცვალეს პატიმრები. სულ გაცვლილია 70 პატიმარი, უკრაინის 35 და რუსეთის 35 მოქალაქე. გათავისუფლებულებს შორის არის უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური. ასევე, გათავისუფლდა უკრაინაში რუსული გამოცემა რია ნოვოსტის მთავარი რედაქტორი, კირილ ვიშინსკი და მალაიზიური ბოინგ MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებული ვოლოდიმირ ცემახი.

ნორმანდიის სამიტში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები