ქვეყნის სამსახურში

სირცხვილია: საჯარო სამსახურებში "ოცნების" აქციაზე მისვლას აიძულებენ, გაშვებით ემუქრებიან

ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლას აიძულებენ და მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. მასობრივი შეკრება-მანიფესტაცია 14 დეკემბერს არის დაგეგმილი.

"საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით. მუქარისა და ზეწოლის საფუძველზე რამდენიმე საჯარო მოხელემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში. 

"სირცხვილია" განმარტავს, რომ პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე სისხლის სამართლის დანაშაულია (სსკ-ის 169-ე მუხლი). 

მოძრაობა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და მათ დაუკავშირდნენ ფეისბუქ გვერდის საშუალებით. "სირცხილია" განცხადებაში წერს, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ისინი ასეთ ადამიანებს იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნონ.

"სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად", - აღნიშნავენ მოძრაობაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები.

ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "ვინ გამოჰყავს "ოცნებას" ე.წ. "კონტრაქციებზე", სადაც მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობენ".

კომენტარები