მეჩეთის მშენებლობა ბათუმში

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

0 კომენტარი
ფოტო: TDI

ბათუმის მერიამ ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებით ბათუმის მერიამ კვლავ უხეშად უგულებელყო ადგილობრივი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნა, საჭიროება და უფლება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

TDI-ის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მერიამ გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებით გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გაჭიანურების სტრატეგია აირჩია, 4 დეკემბერს მუსლიმმა თემმა ასევე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლის მიხედვითაც, ის მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გამოცემის დავალდებულებაზე უარის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე ბათუმის მერიისთვის შესაბამისი აქტების გამოცემის პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს.

30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია. თუმცა, ამავდროულად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის მესამე მოთხოვნა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა. 

"ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა," - თქვა მოსამართლე ბეჟანიძემ. 

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. მათ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. თემის ინტერესებს სასამართლოში TDI და EMC იცავდნენ. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.   

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები