პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2019 წლის სამ კვარტალში ინვესტიციები 20%-ით შემცირდა — კლება $185 მილიონია

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების ზრდამ 13,7% შედგინა. 

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში FDI-ის რაოდენობამ 417.3 მილიონი დოლარი შედგინა. ამ ზრდის მიუხედავად, წლიურ ჭრილში კლება საკმაოდ შესამჩნევია. 2018 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ინვესტიციები, დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული. 

თუ 2018 წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების რაოდენობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 1,09 მილიარდი დოლარი შედგინა, წელს იგივე მაჩვენებელი 908,9 მილიონი დოლარია. ნომინალურ გამოსახვაში კლება, დაახლოებით, 185 მილიონი დოლარია. 

ცხადია, საუბარია მიმდინარე წლის მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე, რომელთა დაზუსტება უწყების მიერ მოგვიანებით მოხდება. 

თუ 2017 წელს შევადარებთ, ვარდნა კიდევ უფრო დრამატულია. ორი წლის წინ პირველ სამ კვარტალში FDI-ის რაოდენობამ 1,243 მილიარდი შეადგინა, უკვე 2018 წელს ეს მაჩვენებელი 13,6%-ით შემცირდა. მაშინ კლებამ 149 მილიონი დოლარი შეადგინა. 

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში, 96 მილიონი დოლარის ოდენობით განხორციელდა. ფინანსური სექტორის წილი ჯამური მაჩვენებლის 23%-ია. მეორე ადგილზე 49.3 მილიონი დოლარით დამამუშავებელი მრეწველობის სექტორია. ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მილიონი დოლარით.

კომენტარები