საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $496.6 მილიონი შეადგინა.
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის IV კვარტლის მონაცემს 53.3%-ით აღემატება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და $300.2 მილიონი შეადგინა, რომლის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 60.5%-ია.
გარდა ამისა, საქსტატის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეინვესტიციამ (სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) კი $189.6 მილიონი შეადგინა და შესაბამისად, მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება სავალო ვალდებულებების მაჩვენებელს, რომელშიც აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები, მან $6.8 მილიონი შეადგინა.
2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 48.2%-ით ნიდერლანდები აღმოჩნდა ($239.6 მილიონი).
მეორე ადგილზე იაპონიაა $63.2 მილიონით (12.7%), ხოლო მესამეზე აშშ - $54.7 მილიონით (11.0%).
2023 წლის I კვარტალში საქართველოს 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა:
- ნიდერლანდები - $239.6 მილიონი
- იაპონია - $63.2 მილიონი
- აშშ - $54.7 მილიონი
- თურქეთი - $47 მილიონი
- რუსეთი - $28.2 მილიონი
- მარშალის კუნძულები - $23.7 მილიონი
- ყაზახეთი - $20 მილიონი
- ჩინეთი - $19.9 მილიონი
- დანია - $11.1
- შვეიცარია - $10.3
უმსხვილესი სექტორები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დამამუშავებელი მრეწველობა - $226.3 მილიონი
- ვაჭრობა - $90.7 მილიონი
- ტრანსპორტი - $43.3 მილიონი
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $42.3 მილიონი
- ენერგეტიკა - $39.2 მილიონი