საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

GDI: 2019 წელი უფლებების კუთხით მზარდი უარყოფითი ტენდენციებით გამოირჩევა

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI ავრცელებს მიმოხილვას, რომლის თანახმადაც, 2018 წელთან შედარებით საქართველო წელს მზარდი უარყოფითი ტენდენციებით გამოირჩევა.

დოკუმენტი ასახავს, 2019 წლისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში და გამოყოფს ამ მიმართულებით არსებულ ძირითად პრობლემებსა თუ გამოწვევებს.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, თანასწორობასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები და უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. 

"2019 წელს რიგი მიმართულებებით დაფიქსირდა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს ეხება მაგალითად, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, სანქცირებადი გახდა სექსუალური შევიწროება, ასევე გაიზარდა სახალხო დამცველის უფლებამოსილებები კერძო პირებთან მიმართებაში.

აღნიშნულის პარალელურად, სამწუხაროდ, მკვეთრი გაუარესება შეინიშნება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები. სახელმწიფო მანიფესტაციის დასაშლელად მიმართავს არაპროპორციულ ძალას და არ იცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მანიფესტაციის დაშლის წესსა და პროცედურებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს კერძო პირთა მიერ ამ უფლებით სარგებლობა და არ დაუშვას მესამე პირების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ნებისმიერი ფორმა. მიუხედავად ამისა, ხშირია კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, რაზეც სამართალდამცავი უწყებები არასათანადოდ რეაგირებენ. კვლავ მწვავე საკითხად რჩება LGBTQ+ თემის წევრების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობა. ამ მიმართულებით სახელმწიფოს სისტემური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ულტრანაციონალური და ჰომოფობიურად განწყობილი ძალებისგან მომდინარე ზეწოლის ფონზე, LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვთ აღნიშნული კონსტიტუციური უფლება" - წერია განცხადებაში.  

GDI-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით საზოგადოების წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვამდე და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებების გასაჯაროებამდე, ხელისუფლება არც კი ცდილობს ინსტიტუციონალური ცვლილებები გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის პრინციპების დაცვის ფონზე განახორციელოს.

 

კომენტარები