სოფიო კილაძე

კილაძე პოლიტპატიმრებზე: ცალკეულ ევროპარლამენტარებს ნუ გავაიგივებთ მთელ ევროპარლამენტთან

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ცალკეული ევროპარლამენტარები მთლიანად ევროპარლამენტთან არ უნდა გაიგივდეს.

ასე ეხმაურება სოფიო კილაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ ოპოზიცია აწვდიდეს არასწორ ინფორმაციას.

"ცალკეულ ევროპარლამენტარებს მოდით ნუ გავაიგივებთ მთლიანად ევროპარლამენტთან. ცალკეული ევროპარლამენტარებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი, რომელიც მათ შესაძლებელია, ჩამოუყალიბდათ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შესაბამისად, მაგრამ ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი სწორედ ამ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური კრიზისი და პოლიტპატიმრები. ამიტომ, ძალიან ცუდია, როცა ცალკეული ადამიანების, თუნდაც დეპუტატების, აზრის წარმოჩენა საზოგადოებისთვის ხდება, როგორც ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტის", - ამბობს დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას სურდა ევრონესტის ერთ-ერთი კომიტეტის ანგარიშში ყოფილიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და პოლიტპატიმრებზე, რასაც ასამბლეის წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. სწორედ ამაზე მიუთითეს სოფიო კილაძე, თუმცა, ასამბლეის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ანგარიში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეხება, ფართო თემას მოიცავს და ამიტომაც არ ჩათვალეს მიზანშეწონილად კონკრეტული ქვეყნის საკითხის ჩაწერა. აქვე, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ამ საკითხზე ყველას სახელით გამოხატავს შეშფოთებას.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და სამართლიანი სასამართლო სისტემის აუცილებლობაზე არაერთმა ევროპელმა პარლამენტარმა გააკეთა აქცენტი. მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების დროს მათი აქტივობის გამო.

კომენტარები