ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

გაფრინდაშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა მიიღო.

ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა. 

ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ჯილდო ასევე მიიღო მოძრაობამ "სირცხვილია".

ამას გარდა, ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ლევან ალექსიძე. ჯილდო გადაეცა მისი ოჯახის წევრს, თამარ ალექსიძეს.

თავისუფალი უნივერსიტეტისა და 15 უნივერსიტეტის ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დღეს დასრულდა. ღონისძიებაზე ადამიანის უფლებათა დამცველის და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოებენ. 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

უკვე 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები