ქართული ოცნება

ბოკერია ჟურნალისტებზე ძალადობაზე: პარლამენტის შენობაში ასეთი რამე არ მინახავს არასოდეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებზე ძალადობას უპრეცედენტოს უწოდებს.

"პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამე არ მინახავს არასოდეს, ან რატომ შვებოდნენ, რა ამოცანა ჰქონდათ... სამარცხვინო იყვნენ შემსრულებლებიც, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვინც დაავალა ამის გაკეთება" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბიოგრაფიაში კომიტეტზე ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის მხარდაჭერით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხარდაჭერით, პოლიტიკური ლიდერების დაკავებით და ჟურნალისტებზე ძალადობით.

"ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმი - ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ იმედი აქვთ, ახალი წლები მოდის, ხალხი დაიშლება და დაიღლებაო, კი, ახალი წელი მოდის, ხალხმა უნდა იზეიმოს, მაგრამ მერე შემდეგი წელი დადგება, გაზაფხულიც მოვა და იქამდეც გვაქვს დრო. რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ქვეყანას სჭირდებოდა, ეს პროტესტი გაგრძელდება და ან გონს მოეგება თვითინ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა ქვეყანას ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს" - თქვა ბოკერიამ.

პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დღეს მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სწორედ მაშინ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

კომენტარები