ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა

ჟურნალისტიური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს დღეს პარლამენტის იურიდიული სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე და აცხადებენ, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა დაუშვებელია. 

"დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს დარბაზიდან. ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა., “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” - ისმის კადრებში.

ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.

ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება." - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.  

პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა.

ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. სწორედ ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

კომენტარები