ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტია: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიკა გვარამიას facebook პოსტის გამო მოგვმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ მათ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ზე პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ "შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ" პოსტთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს, რომ "სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს". შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს გვარამიას სტატუსს. 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი".- აცხადებს ქარტია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.

კომენტარები