PACE

PACE-ს თანამომხსენებლები: პარლამენტმა დანიშნა მოსამართლეები, რომლებსაც საჭირო ცოდნა არ აქვთ

0 კომენტარი
ფოტო: Unian

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნიმ (საფრანგეთი, ALDE) სინანული და იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშნვის გადაწყვეტილებაზე, რაც საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ასამბლეის, რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს შორის არიან პირები, რომლებსაც საჭირო ცოდნა და დამოუკიდებლობა არ აქვთ.

"სექტემბერში, ჩვენი ვიზიტის დროს, ჩვენ სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გაუმჭვირვალე და დეფიციტური შერჩევის პროცესის თაობაზე. მაშინ ჩვენ მოლოდინი გამოვთქვით, რომ პარლამენტი შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებდა, მათ შორის, მოსამართლეთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობის დანიშვნას, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეესაბამება," - თქვეს თანამომხსენებლებმა.

მათივე თქმით, პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 დასაბუთების გარეშე დანიშნა - "მათ შორის, იმ პირთა ჩათვლით, რომლებმაც არჩევის პროცესში არ აჩვენეს, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი პოზციისთვის აუცილებელი იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა აქვთ. ეს მხოლოდ იმედგამაცრუებელია".

თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი ზომების გატარება, რათა იუსტიციის სისტემაში საჭირო საზოგადოებრივი ნდობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყონ. 

"არსებული სიტუაციის განმეორების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შერჩევის პროცესის შესახებ დაუყოვნებლივ მიიღონ - მათ შორის, ერთიანი კრიტერიუმების გამოყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილებები და ფარული კენჭისყრის გაუქმება. [რეკომენდაციები უნდა მიიღონ] არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე, არამედ ზოგადად, სასამართლო დანიშვნებისთვის", - განაცხადეს მათ.

ვითარების ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ისინი  მომავალი წლის დასაწყისში რეგულარული სამონიტორინგო ვიზიტით ჩავლენ საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის საგარეო სამსახურიდანაც გამოეხმაურნენ.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ უზენაესის სასამართლოს შერჩევის და დამტკიცების პროცედურებში არ იყო ასახული ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. 

EEAS-ის განცხადებით, პროცესი ხასიათდებოდა მთელი რიგი ჩავარდნებით, მათ შორის გამჭვირვალობისა და მოსამართლეებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობით.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილის და საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატი გუშინ, 12 დეკემბერს მაინც დაამტკიცა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები