ამერიკელი კონგრესმენების წერილი

ვოლსკი კონგრესმენების წერილზე: გაკვირვებული ვარ შეფასებით და ინფორმაციით, რომელიც გააჩნიათ

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი აშშ-ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, შეფასებითა და იმ ინფორმაციით, რომელიც მათ გააჩნიათ, გაკვირვებულია.

"საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით",-თქვა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილს დეტალურის პასუხი გაცემა სჭირდება. 

"არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც, ალბათ, ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები, შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში",-თქვა გიორგი ვოლსკიმ. 

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი გახარიას წერილით 16 დეკემბერს მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. მათი თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან. კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ თავზარდამცემია საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ.

კომენტარები