მოზარდზე ზეწოლა

სკოლის დირექტორი: ალბათ, ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო

ტაბულა

"ალბათ, ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი, მაპატიე, შვილო..." - ამის შესახებ Facebook-ზე მწვანე სკოლის დირექტორმა, კახა დავითურმა დაწერა.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატის მტკიცებით კი, პოლიციის თანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა "უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლებოდა [ყოფილიყო] და ვინ იყო ამ კადრებზე, ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინოშოტები, ფეისბუქის სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა". არჩილ შაბაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მწვანე სკოლის დირექტორი. კახა დავითურის თქმითვე, კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციამ გამოიძახა.

"ანუ ჰქონდა მიზეზი. გაარკვიეთ ეს მიზეზი", - გვიპასუხა კახა დავითურმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

კომენტარები