ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

აბაშიძე გაფრინდაშვილზე: სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც განვიცდი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს". მისი თქმით, გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და "ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას", რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს. ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია - ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები