სამთავრობო პროპაგანდა

ზალკალიანი: Facebook-ისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავითი ზალკალიანი Facebook-ის მიერ წაშლილი გვერდების მმართველ პარტიასთან კავშირს "არამც და არამც არ ადასტურებს" და ამბობს, რომ ამ სოციალური ქსელისთვის "რეპუტაციური პრობლემები არახალია".

"ფეისბუქისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია, ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუქს მოუწია გამოსვლა კონგრესში და კონგრესმენების წინაშე ბევრი კითხვისთვის პასუხის გაცემა",-ამბობს ზალკალიანი იმედის ეთერში.

ზალკალიანის თქმით, ქართული ოცნება საზოგადოებასთან მხოლოდ ოფიციალური საიტებით ახდენს კომუნიკაციას.

"მე და ბევრი ჩემი კოლეგა მომსწრე ვართ იმისა, რომ Facebook-ის საშუალებით ხდებოდა პირიქით, ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება. [..] ობიექტური უნდა იყო, ეს მათი ვარაუდია, მე არ ვადასტურებ ვარაუდს. არ გაუქმებულა არც ერთი ის ექაუნთი, საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების ან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება",-ამბობს ზალკალიანი.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 

რას ამბობენ მმართველი პარტიის წევრები პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდების წაშლაზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები