Nordstream 2

გაზსადენ Nordstream 2-ის პროექტის ხელმძღვანელი "შტაზის" ყოფილი აგენტია

გაზსადენ Nordstream 2-ის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნიგი წარსულში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.

როგორც პროექტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ვარნიგი ზედამხედველობს Nordstream 2-ის "ოპერაციების ყველა ასპექტს". იქვე, მის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 1981 წლიდან 1990 წლამდე ვარნიგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩინოვნიკი იყო.

ავსტრიული გამოცემის, Der Standart-ის თანახმად, ვარნიგი 1974 წლიდან იყო აღმოსავლურ გერმანული სადაზვერვო სამსახურის, შტაზის აგენტი.

მისი კოდური სახელი არტური იყო და შტაზის დიუსელდორფის სადგურიდან აღმოსავლეთში გადასცემდა ინფორმაციას დასავლურ გერმანული კომპანიების შესახებ.

როგორც ცნობილია, მატიას ვარნიგისა და ვლადიმირ პუტინს ხანგრძლივი პირადი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც 1990 წლიდან იღებს სათავეს. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ვარნიგი გერმანულ Dresndner Bank-ში მუშაობდა, რომელსაც 90-იანების დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში სურდა ფილიალის გახსნა.

იმ დროისათვის სანკტ-პეტერბურგის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს სწორედ პუტინი უძღვებოდა. პუტინსა და ვარნიგს შორის მაშინდელი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ამ უკანასკნელის რუსული კავშირები კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გამყარდა.

ზოგიერთი ცნობით, პუტინის და ვარნიგის ურთიერთობას ჯერ კიდევ გერმანიაში ჩაეყარა საფუძველი, როცა პუტინი დრეზდენში მუშაობდა კაგებე-ს ოფიცრად.

დღეს ვარნიგი არაერთ მსხვილ რუსულ კომპანიაში იკავებს თანამდებობას, მათ შორისაა გაზპრომი, ტრანსნეფტი, როსნეფტი, VTB ბანკი. გარდა ამისა, ვარნიგმა 2012 წელს რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენიც კი მიიღო.

გერმანული გაზეთი Die Welt 2014 წელს წერდა, რომ "როცა პუტინი ძალაუფლების სათავეში მოექცა, ვარნიგი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ეკონომიკურ მენეჯერად იქცა. გერმანელი ერთ-ერთია მცირეთაგან, ვისაც კრემლის უნდობი მმართველი კვლავაც ენდობა."

რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გასაყვანი ახალი რუსული მილსადენის Nord Stream 2-ის დიდი ნაწილი უკვე აგებულია.

თუმცა რუსული პროექტის მშენებლობა, რითაც რუსეთმა კიდევ 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი უნდა მიაწოდოს გერმანიას, სულ მცირე, გადაიდება პროექტიდან შვეიცარული კომპანია AllSeas-ის გასვლის გამო.

AllSeas-ის გასვლის მიზეზი აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციებია - 21 დეკემბერს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროკავშირში გამავალი მილსადენების მშენებლობაში ეხმარება, სანქციები უწესდება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

აშშ-ს მიაჩნია, რომ მილსადენის პროექტი ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ახლი რუსული პროექტებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

კომენტარები