Nordstream 2

ბლინკენი: NordStream 2 ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გეგმებს ეწინააღმდეგება

ენტონი ბლინკენი

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიასა და რუსეთს შორის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის საკითხსაც შეეხო, როდესაც მას ამის შესახებ კითხვა დაუსვეს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან ცხადად თქვა, რომ ეს გაზსადენი ცუდი იდეაა. ცუდია ევროპისა და აშშ-სთვის. 

რაც მთავარია, ის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გეგმებთან წინააღმდეგობაში მოდის. მას პოტენციურად შეუძლია, ძირი გამოუთხაროს უკრაინის, პოლონეთისა და რიგი სხვა ახლო პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებს. აშშ-ში გვაქვს კანონი, რომელიც ამ გაზსადენის დასრულებაში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გვავალდებულებს". - თქვა ენტონი ბლინკენმა. 

ენტონი ბლინკენს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ მსგავსი კომენტარი აქამდეც გაუკეთებია

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ამ გაზსადენის პროექტის დასრულებას ეწინააღმდეგება, გერმანია ამ ეტაპზე მუშაობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მოწინააღმდეგეებს, მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი ევროკავშირს რუსეთის ენერგორესურსებზე უფრო დამოკიდებულს გახდის.

კომენტარები