ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

RFE/RL

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ნახევრადხუმრობით, რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა. ამის შესახებ ლუკაშენკომ მოსკოვის ექოს რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვთან ინტერვიუში განაცხადა. 

ვენედიქტოვის მიერ რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე დასმულ კითხვაზე პასუხად ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ კი ერთიანი სახელმწიფო უნდა შეიქმნას, ამისთვის კომპრომისული ვარიანტი იქნება მოსაძებნი. 

"ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ის, რომელსაც მიიღებენ მოსკოვშიც და მინსკშიც - თქვენ [რუსეთი] შემოდიხართ ბელარუსის შემადგენლობაში. არამგონია, რუსები წინააღმდეგ წავიდნენ, არც ბელარუსები იქნებიან უარზე. რატომ საუბრობთ მხოლოდ იმ ვარიანტზე, რომელშიც ბელარუსი უერთდება რუსეთს და არა პირიქით", — განაცხადა ლუკაშენკომ. 

რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციაზე ლუკაშენკომ ამგვარად უკვე მეორედ იხუმრა. პირველად მიმდინარე წლის მარტში ლუკაშენკომ განაცხადა, “მოდით, ბელარუსის შემადგენლობაში შემოვიდეს რუსეთი."

რუსეთსა და ბელარუსს შორის, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამოკავშირეო ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. 1999 წელს მოწერილი ხელშეკრულება რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც ერთიანი სავალუტო და საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს. 

ბოლო რამდენიმე წელია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნა. საბოლოოდ, რუსეთმა ბელარუსს ფინანსური დახმარება იქამდე შეუწყვიტა, სანამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია არ დაიწყება. პრობლემურ საკითხად რჩება რუსული გაზის ფასიც. 

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს ბოლოს დეკემბერში შეხვდნენ. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი შესაძლო შეხვედრის შესახებ. ცხადია, განხილვის მთავარი თემა საინტეგრაციო ხელშეკრულება იქნება.

კომენტარები