ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი: შესაძლებელია, დარეგულირდეს მოგების მარჟა მედიკამენტებისთვის

0 კომენტარი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, მედიკამენტებზე მოგების მარჟა დაარეგულიროს.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა, გამჭვირვალე გახდეს, თუ რამხელაა მოგების მარჟა კონკრეტულ შემთხვევებში:

"ყველაზე პრობლემატური რაც არის, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რასაც მოსახლეობაც აღნიშნავს, თუ რა არის ის მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს. იმისათვის, რომ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს საუბარი, ან გაეცეს პასუხები იმ არსებულ კითხვებს, რაც მოქალაქეებს და რა თქმა უნდა ჩვენც გაგვაჩნია, ამისათვის არის სწორი, გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა, სადაც არის გამჭვირვალე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს საქართველოს საზღვრის შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე," - ამბობს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს მარჟის რეგულირებას მოასწავებდეს, ტიკარაძე პასუხობს, რომ "[მოგების მარჟა] რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, რა თქმა უნდა შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოშიც."

მედიკამენტების რეგულირება ჯანდაცვის მინისტრის მიერ 28 ოქტომბერს წარდგენილი რეფორმების ახალი პაკეტის ნაწილია.

ცვლილებების ფარგლებში, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე.

უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ გამოიწვია სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ყველაზე მძიმედ პაციენტებს შეეხებოდათ, მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად კი მედპერსონალისთვის მოუწევდათ ხელფასების შემცირება. ამისდა მიუხედავად, დადგენილება მაინც შევიდა ძალაში.

უფრო ვრცლად დადგენილებისა და მისი შედეგების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები