ანაკლიის პორტი

თურნავა: ანაკლიის პროექტი არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლოგიკური უწოდა ნაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას და განაცხადა, რომ პროექტის ჩავარდნა მთლიანად ინვესტორის კისერზეა.

"იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები - დასაქმებული, ტვირთები უნდა ყოფილიყო ამ პორტში გადამუშავებული და ძალიან ბევრი სიკეთე, რაც მოჰყვება ამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. 

სამწუხაროდ, პროექტი არ მოხდა და არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა." - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა პროექტს მთელი დროის მანძილზე "უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებდა".

"ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ, მთავრობამ, გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა." - ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები