დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ამირან გამყრელიძე ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებზე: ჯობია, დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები და უმჯობესია ის მორჩეს, ვიდრე დააკლდეთ.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი გამოქვეყნა, სადაც ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის მიმდინარეობა და ხარვეზები არის განხილული.

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ჩამოიწერა 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.

"ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს."

ის ასევე ირწმუნება, რომ მედიკამენტების ფასი რეალურად 560 მილიონ ლარზე ნაკლებია:

"560 მილიონი ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს გახლავთ დონაცია. ეს გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013-2014-2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ის ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული." ამბობს გამყრელიძე.

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის შემდეგ დრამატულად შემცირდა:

2015 წელი - 5 936 ბენეფიციარი;

2016 წელი - 21 645 ბენეფიციარი;

2017 წელი - 14 791 ბენეფიციარი;

2018 წელი - 10 206 ბენეფიციარი.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს "ცე ჰეპატიტის მართვის" პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 15 400 000 ლარი გამოიყო, თუმცა სამინისტრომ მხოლოდ 4 741 000 ლარი აითვისა, დანარჩენი 10 656 000 ლარი კი სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.

საქართველო ცე ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები