თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანის ოთახში ხელყუმბარა შეცდომის დასაფარად შემოიტანეს

0 კომენტარი
ფოტო: kvirispalitra.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია და ამას სპეცრაზმელების ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებებიც ადასტურებს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელყუმბარა მისი შვილის მკვლელობის ადგილას შეცდომის დასაფარად მიიტანეს.

"ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა, მაგრამ მე დღესაც ყოველ საღამოს, როდესაც ხეობაში ვარ, ჭიშკარში ველოდები თემირლანს. მეც ვიბრძვი და მთელი საზოგადოებაც იბრძვის ამ საქმისთვის, რომ სამართლიანად გაიგოს საზოგადოებამ, რა ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში. მე მაინც ყოველ წუთს, ყოველ წამს გულში ასეთი აზრები და ტკივილი მიტრიალებს, როგორ უნდა გავძლო თემირლანის გარეშე ამ ქვეყნად, ცხოვრება როგორ უნდა გავატარო. ამ ხელყუმბარამ საზოგადოება ჩააგდო ეჭვში და ამ საქმეს ეჭვის თვალით შეხედა. ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა, ის არის შემოტანილი. ხელყუმბარა შემოიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან დალუქული. პაკეტზე აწერია გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი. იმ პაკეტით არის შემოტანილი, შემდგომში გატანისას ისევ იმ პაკეტით ილუქება და მიაქვთ ეს ხელყუმბარა. დღევანდელი სისხლიანი სისტემა, ხელისუფლება შეეცადა ამ ტყუილისგან რაღაც ნაწილი მაინც დამაჯერებლად გადაეცათ ხალხისთვის. დღეს არა გარკვეული ნაწილი, არა ის ხალხი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამისთვის მთელი სახელმწიფო აგებს პასუხს. მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს, ამაში დარწმუნებული ვარ“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღესვე მაჩალიკაშვილმა ორგანიზაცია EMC-ისთან ერთად პრესკონფერეცნია ჩაატარა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა.

EMC-ის მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეზე "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ" ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

EMC ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები