ავტოინდუსტრია

ელექტრომანქანებზე გადასვლა გერმანიაში 400 ათას სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს

გერმანიის მთავრობის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ შესაძლებელია, მომდევნო ათწლეულში ელექტრომანქანებზე გადასვლა ქვეყანას 400 ათასი სამუშაო ადგილის ფასად დაუჯდეს.

თუ უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებლები, დაიმლერი და ფოლკსვაგენი ათწლეულის ბოლოს ელექტრომანქანების წარმოების მიზანს მიაღწევენ, შესაძლოა, გერმანიის სამუშაო ძალის 1%-მა დაკარგოს სამსახური.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრომანქანების დიდი ნაწილი აზიაში იწყობა. დასახული მიზნების მისაღწევად კი გერმანელ ავტომწარმოებლებს დიდი ალბათობით მოუწევთ, იმპორტირებულ პროდუქციას დაეყრდნონ და არა ადგილობრივს.

ელექტრომანქანებზე გადასვლას მნიშვნელოვნად აჩქარებს ევროკავშირის გამონაბოლქვის რეგულაციები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანელ ავტომწარმოებლებს ასიათასობით გამონაბოლქვისგან თავისუფალი მანქანის წარმოება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიუსელისგან მილიარდობით ევროთი დაჯარიმდებიან.

უკვე გასულ წელს გერმანელმა ავტომწარმოებლებმა გამოაცხადეს, რომ 50 ათასი სამუშაო ადგილის შეკვეცა მოუხდათ. ამჟამად, გერმანიის ავტოინდუსტრია 800 ათას ადამიანს ასაქმებს და დამატებით 3 მილიონ დასაქმებულს ეხება.

კომენტარები