ავტოინდუსტრია

Toyota-ს მანქანებში ახალი დეფექტები აღმოაჩინეს

კომპანია Toyota-მ აშშ-ს ტერიტორიაზე გაყიდულ მანქანებს უკან იწვევს. საქმე ეხება RAV4 ტიპის 760 ათას და Lexus HS ტიპის 18 ათას ავტომობილს.

Reuters-ის ცნობით, 2006-2011 წელს გამოშვებულ RAV4-ებს და 2010 წელს გამოშვებულ Lexus HS-ებს აშშ-ს მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეფექტები აღმოუჩინა. კერძოდ, მანქანების უკანა სავალი ნაწილი კოროზიას განიცდის, რამაც შეიძლება მათი დაზიანება და ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს. დეფექტი ქვეყანაში ცხრა საგზაო შემთხვევის მიზეზი უკვე გახდა.

კომპანია პირობას დებს, რომ, როგორც კი პრობლემის გადაწყვეტის გზას მიაგნებს, ავტომანქანების მფლობელებს დაუკავშირდება და მათ უფასო რემონტს უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, 2009 და 2010 წლებში Toyota-ს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ასევე დეფექტების აღმოჩენის მიზეზით სხვადასხვა მოდელების ავტომობილების რეალიზაციის შეჩერება და რამდენიმე მილიონი მანქანისთვის დეფექტის სასწრაფოდ აღმოფხვრა მოუხდა.

კომენტარები