NDI-ის კვლევა

NDI: ბიძინა ივანიშვილს უარყოფითი შეფასება აპრილის შემდეგ 10%-ული პუნქტით გაიზარდა

REUTERS

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალ გამოკითხვაში უფრო მეტი ადამიანი აფასებს უარყოფითად, ვიდრე წინაში. ივანიშვილის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა - თუ 2019 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში მას უარყოფითად აფასებდა 39%, ახალ კვლევაში, რომელიც 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, ივანიშვილს უარყოფითად აფასებს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 49%.

რაც შეეხება დადებით შეფასებას, შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქართული ოცნების ლიდერს დადებითად აფასებს - წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 21% იყო, ახალში კი 17%-ია.

ბიძინა ივანიშვილის დადებითი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. უფრო მეტი ადამიანი აფასებს დადებითად მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ნიკა მელიას, ალეკო ელისაშვილს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, დავით უსუფაშვილს, ირმა ინაშვილს.

NDI-ის​​ დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები